ღამით დაძინების დროს შფოთვა შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით, შფოთვითი აშლილობით ან სხვა ჯანმრთელობათან დაკავშირებული მდგომარეობებით. შფოთვის მკურნალობა დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე და, როგორც წესი, მოიცავს მედიკამენტურ თერაპიას, ცხოვრების წესის შეცვლას ან ფსიქოთერაპიას. შფოთვა ბუნებრივი ადამიანური ემოციაა, რომელიც გამოიხატება ნერვიულობითა და წუხილით. იგი ხშირად ჩნდება ხანგრძლივი სტრესის ფონზე, ზოგჯერ კონკრეტული მიზეზის გარეშე.

შესაძლოა შფოთვა განიცადოთ სტრესულ სიტუაციებში, მაგალითად, პირველი პაემნის ან სამსახურის გასაუბრების წინ. მაგრამ როდესაც წუხილი გრძელდება და ძილის შეწყვეტას იწვევს, ეს შესაძლოა შფოთვითი აშლილობის ნიშანი იყოს.

როგორი შეიძლება იყოს ღამის შფოთვა?

თითოეული ადამიანი განსხვავებულად განიცდის შფოთვას. სიმპტომები შეიძლება დღის ნებისმიერ დროს გამოვლინდეს, თუმცა ზოგჯერ ისინი ღამით დაძინების მცდელობისას ძლიერდება.

ღამის შფოთვის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:

  • უსასრულო ფიქრები
  • ნერვიულობა, მოუსვენრობა ან წუხილი
  • ძილის დაწყების ან შენარჩუნების სირთულე
  • ხშირი შარდვის მოთხოვნილება
  • მუცლის ტკივილი
  • ოფლიანობა
  • დაჭიმული კუნთები
  • ყბის ტკივილი

ზოგ ადამიანს ღამით პანიკური შეტევაც შეიძლება განუვითარდეს. ღამის პანიკური შეტევა იგივე ნიშნებს ატარებს, როგორც ჩვეულებრივი, თუმცა ის ძილის დროს იჩენს თავს. კვლევები აჩვენებს, რომ პანიკური აშლილობის მქონე პაციენტების დაახლოებით 20-45%-ს ღამით პანიკური შეტევები ხშირად აქვს. ასეთ შემთხვევებში დამშვიდება და ძილის გაგრძელება ძალიან ძნელი ხდება.

ღამის შფოთვის გამომწვევი მიზეზები

ძილთან დაკავშირებულ პრობლემებსა და შფოთვას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირი აქვთ. ძილის ნაკლებობა შეიძლება შფოთვის გამომწვევი იყოს, ხოლო შფოთვა თავის მხრივ  ძილის დარღვევის მიზეზი.

ღამის შფოთვა ხშირად იმ შეგრძნებას იწვევს, რომ ტვინი არასდროს ჩერდება და ფიქრები უწყვეტად მოდის. ეს სტრესი იწვევს ადრენალინის სწრაფ გამოყოფას, რაც ძილის დაწყებას აფერხებს.

მოსახლეობის გამოკითხვების მიხედვით, ადამიანების დაახლოებით 36%, ვისაც ძილის პრობლემები აქვს, შფოთვითი აშლილობით იტანჯება. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით კი, პანიკური აშლილობის მქონე პირებს 3-ჯერ უფრო ხშირად აქვთ ძილის პრობლემები, ვიდრე მათ, ვისაც ეს აშლილობა არ აქვთ.

შფოთვის მკურნალობის გზები

შფოთვის მართვის სწორი გზის პოვნა დროს მოითხოვს და შესაძლოა ექიმმა რამდენიმე მეთოდი სცადოს:

  • სხვა თანმხლები ჯანმრთელობის მდგომარეობის მკურნალობა
  • ფსიქოთერაპია, როგორიცაა კოგნიტურ-ქცევითი თერაპია (CBT)
  • ანტი-შფოთვური მედიკამენტები (ბენზოდიაზეპინები, ანტიდეპრესანტები)
  • მცენარეული პრეპარატები (შაფრანი, ვალერიანა, როზმარინი)

დაიმახსოვრეთ, რომ საკვები დანამატების ხარისხს FDA(საკვების და მედიკამენტების ადმინისტრაცია) იგივე სიზუსტით არ აკონტროლებს, როგორც მედიკამენტებს, ამიტომ მათი მიღების წინ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ცხოვრების წესის შეცვლა

არსებობს რამდენიმე რჩევა, რაც ღამით შფოთვის შემცირებაში დაგეხმარებათ:

მედიტაცია – ეს ტექნიკა ამშვიდებს გონებას და ფოკუსს აძლიერებს. კვლევები აჩვენებს, რომ მედიტაცია სტრესს ამცირებს და განწყობას აუმჯობესებს. დაძინებამდე მედიტაცია კარგი ღამის დასაწყისია.

ღრმა სუნთქვა – ღრმა სუნთქვა ამცირებს შფოთვასა და სტრესს, ანელებს გულისცემას და არეგულირებს წნევას. თუ ღამით პანიკური შეტევა გაქვთ, ღრმა სუნთქვა დაგეხმარებათ.

დაგეგმვა – თუ შფოთვის მიზეზი დღის მოვლენებზე ფიქრია, დღის ან კვირის დაგეგმვამ შეიძლება ამ შფოთვა შეამსუბუქოს.

ჯანსაღი ძილის ჩვევების ჩამოყალიბება – ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია ღამის შფოთვის შესამცირებლად:

  • ფიზიკური აქტივობა: რეგულარული ვარჯიში აუმჯობესებს ძილის ხარისხსა და ხანგრძლივობას.
  • ძილის გრაფიკი: ყოველდღიური ძილისა და გაღვიძების დროის ერთნაირად შენარჩუნება აუმჯობესებს ცირკადულ რიტმს.
  • სტიმულანტების თავიდან აცილება: კოფეინი და სხვა სტიმულატორები შფოთვას აძლიერებს და ძილს ართულებს.
  • კომფორტული საძინებელი გარემო: მყუდრო და უსაფრთხო საძინებელი აუმჯობესებს ძილის ხარისხს და ამცირებს შფოთვას.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ შფოთვა და უძილობა ყოველდღიურ ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას ახდენს – მაგალითად, გიჭირთ მუშაობა ან სწავლაზე კონცენტრირება – აუცილებლად მიმართეთ ექიმს. პროფესიონალი დაგეხმარებათ თქვენთვის ეფექტური მკურნალობის გეგმის შედგენაში.

დასკვნა

ღამის შფოთვის გამწვავებას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ყოველდღიური სტრესი, ცუდი ძილის ჩვევები ან სხვა ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, არსებობს მრავალი გზა და საშუალება, რომელიც დაგეხმარებათ შფოთვის შემცირებაში და უკეთ ძილში.