ცივი შხაპები და ყინულიანი აბაზანები ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა მძიმე ვარჯიშის შემდეგ აღდგენისთვის, მაგრამ რეალურად არის თუ არა ეს მეთოდი ეფექტური?

ახალი კვლევის მიმოხილვა მიუთითებს, რომ ცივ წყალში ჩაძირვას გარკვეული მეცნიერული საფუძველი ნამდვილად აქვს.

კვლევის თანახმად, ადამიანები აღნიშნავენ სტრესის შემცირებას, ძილის გაუმჯობესებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებას ცივი წყლის აბაზანის შემდეგ. შედეგები გამოქვეყნდა 29 იანვარს ჟურნალში PLOS One.

თუმცა, ეს სარგებელი ხშირ შემთხვევაში ხანმოკლეა, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, სხეულის რეაქციამ შესაძლოა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვის უარყოფითი შედეგები მოიტანოს.

„ამ კვლევაში, ჩვენ შევამჩნიეთ, რომ შედეგები დროსთან ერთად იცვლება“

განაცხადა კვლევის წამყვანმა მკვლევარმა, ტარა კეინმა, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ჯანმრთელობისა და ადამიანის შესაძლებლობების მკვლევარმა.

მაგალითად, „ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ ცივ წყალში ჩაძირვამ სტრესის დონე შესაძლოა შეამციროს, მაგრამ მხოლოდ 12 საათით,“ — აღნიშნა კეინმა.

კვლევისას ასევე გამოვლინდა, რომ მონაწილეებმა, რომლებიც იღებდნენ 20, 60 ან 90-წამიან ცივ შხაპებს, ცხოვრების ხარისხი მცირედით გაუუმჯობესდათ. თუმცა, „სამი თვის შემდეგ ეს ეფექტი გაქრა,“ — დასძინა კეინმა.

მკვლევრებმა გააანალიზეს 11 კვლევა, რომლებშიც სულ მონაწილეობდა დაახლოებით 3200 ადამიანი.

ცივ წყალში ჩაძირვა გულისხმობს სხეულის ნაწილობრივ ან მთლიანად ჩაძირვას ცივ წყალში, რომლის ტემპერატურა ჩვეულებრივ 10-დან 15°C-მდე მერყეობს.

მიმოხილვაში მონაცემები მოიცავდა მხოლოდ იმ შემთხვევებს, როდესაც ადამიანები წყალში მკერდამდე ან უფრო მაღლა იყვნენ, მინიმუმ 30 წამის განმავლობაში. კვლევაში ჩართული იყო ცივი შხაპები, ყინულიანი აბაზანები და ცივი წყლის აუზებში ჩაძირვა.

ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც რეგულარულად იღებდნენ ცივ შხაპებს, ავად გახდომის გამო სამსახურს 29%-ით ნაკლებად აცდენდნენ.

ასევე აღმოჩნდა, რომ ვარჯიშის შემდეგ ცივ წყალში ჩაძირვამ შეიძლება ძილი გააუმჯობესოს, თუმცა „მონაცემები მხოლოდ მამაკაცებზე იყო ხელმისაწვდომი, ამიტომ მისი ფართო გამოყენება შეზღუდულია,“ — აღნიშნა კეინმა.

საინტერესოა ისიც, რომ ცივ წყალში ჩაძირვამ შეიძლება მკვეთრად გაზარდოს ორგანიზმში ანთება ჩაძირვიდან ერთი საათის განმავლობაში.

„ერთი შეხედვით, ეს ურთიერთგამომრიცხავი ჩანს, რადგან ცნობილია, რომ პროფესიონალი სპორტსმენები ხშირად იყენებენ ყინულიან აბაზანებს ანთების შესამცირებლად,“ — განაცხადა კვლევის უფროსმა მკვლევარმა ბენ სინგმა, სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომელმა.

„ანთებითი რეაქცია არის ორგანიზმის პასუხი სიცივეზე, როგორც სტრესულ ფაქტორზე. სწორედ ეს რეაქცია ეხმარება ორგანიზმს, შეეგუოს და აღდგეს, რაც მსგავსია იმისა, თუ როგორ აძლიერებს ვარჯიში კუნთებს,“ — განმარტა სინგმა.

თუმცა, ეს ანთებითი რეაქცია გულისხმობს, რომ გულის დაავადებების, მაღალი წნევისა და დიაბეტის მქონე ადამიანებმა აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია ექიმთან, სანამ ცივ წყალში ჩაძირვას გადაწყვეტენ.

„ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანებმა განსაკუთრებით ფრთხილად უნდა გამოიყენონ ცივი წყლის აბაზანები, რადგან თავდაპირველმა ანთებითმა რეაქციამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოიტანოს,“ — აღნიშნა სინგმა.

მკვლევრები ასკვნიან, რომ საჭიროა მეტი კვლევა, რათა უკეთ გავიგოთ, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ პოპულარულ აქტივობას ადამიანის ორგანიზმზე.

„მნიშვნელოვანია გაიგოთ, რას აკეთებთ თქვენი სხეულის მიმართ, იქნება ეს პროფესიონალი სპორტსმენი თუ ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ადამიანი,“ — თქვა კეინმა.

„ამჟამად არ არსებობს საკმარისი ხარისხიანი კვლევა იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ვისთვის არის ყველაზე სასარგებლო ცივ წყალში ჩაძირვა ან როგორი მიდგომა იქნება საუკეთესო. საჭიროა მეტი ხანგრძლივი კვლევა, რათა განისაზღვროს მისი ეფექტები და პრაქტიკული გამოყენების გზები,“ — დაასკვნა კეინმა.