პოპულარული ფიტნეს მოწყობილობების წყალობით, სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი აქცევს ყურადღებას დღის განმავლობაში გადადგმულ ნაბიჯებს. და როგორც ჩანს, ეს შედეგიანია.
ამერიკული სავარჯიშო საბჭოს (American Council on Exercise) მიხედვით, ადამიანები, რომლებიც აკონტროლებენ საკუთარ ნაბიჯებს, დღეში საშუალოდ 2,500 ნაბიჯით მეტს დგამენ, ვიდრე ისინი, ვინც არ აკონტროლებენ.
თუ თქვენ ერთ-ერთი იმ მილიონობით ადამიანთაგანი ხართ, რომელიც მიზნად ისახავს, დღეში რეკომენდებული 10,000 ნაბიჯი შეასრულოს, თქვენი ძალისხმევა უყურადღებოდ არ დარჩება.
რეგულარული ფიზიკური აქტივობა, მათ შორის სიარული, ჯანმრთელობის მრავალ სარგებელს უზრუნველყოფს, მათ შორის:
- გულის დაავადებების და ინსულტის რისკის შემცირებას
- მაღალი არტერიული წნევის შემცირებას
- დიაბეტის რისკის შემცირებას
- ჭარბწონიანობის რისკის შემცირებას
- დეპრესიის რისკის შემცირებას
- ზოგიერთი კიბოს რისკის შემცირებას, მათ შორის, მკერდისა და მსხვილი ნაწლავის კიბოს
მაგრამ რეალურად რამდენ ნაბიჯს დგამს საშუალო ადამიანი დღეში? და არის ეს საკმარისი?
ნაბიჯების რაოდენობა ასაკთან ერთად მცირდება
2011 წლის ერთ-ერთმა კვლევამ დაადგინა, რომ 18 წელს გადაცილებული ზრდასრული ადამიანები დღეში 4,000-დან 18,000 ნაბიჯამდე დგამენ.
სხვა კვლევამ, რომელიც ასევე 2011 წელს გამოქვეყნდა, ბავშვებისა და მოზარდების მონაცემები განიხილა. ამ კვლევის მიხედვით, 18 წლამდე ბავშვები დღეში 10,000-დან 16,000-მდე ნაბიჯს დგამენ. ავტორები აღნიშნავენ, რომ ყოველდღიური ნაბიჯების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება, როდესაც მოზარდები 18 წლის ასაკს უახლოვდებიან.
ასაკი ნამდვილად მნიშვნელოვან როლს თამაშობ სიარულის რაოდენობაში. ახალგაზრდები ხშირად უფრო მეტად აკმაყოფილებენ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ განსაზღვრულ აერობული აქტივობის რეკომენდაციებს, ვიდრე ასაკოვანი ადამიანები.
მამაკაცები უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ
არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება ნაბიჯების რაოდენობაში ქალებსა და მამაკაცებს შორის. ბავშვობიდან ზრდასრულობამდე მამაკაცები უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ. ბავშვები და მოზარდი ბიჭები დღეში საშუალოდ 12,000-დან 16,000-მდე ნაბიჯს დგამენ, ხოლო გოგონები – 10,000-დან 12,000-მდე.
ეს ტენდენცია გრძელდება ზრდასრულობაშიც. 2010 წლის კვლევის მიხედვით, სადაც პედომეტრით 1,000-ზე მეტი ზრდასრული ადამიანი გაისინჯა, მამაკაცები დღეში საშუალოდ 5,340 ნაბიჯს დგამდნენ, ქალები კი – 4,912 ნაბიჯს.
თქვენი პროფესია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს
პროფესიასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს თქვენს დღიურ ნაბიჯებზე. ჯენი კრეგმა 2012 წელს ავსტრალიაში ჩაატარა პატარა კვლევა, რომელშიც მონაწილეობდა სხვადასხვა პროფესიის 10 ადამიანი. მათ პედომეტრები დაურიგეს.
აქ მოცემულია საშუალო დღიური ნაბიჯები სხვადასხვა პროფესიაში:
პროფესია | საშუალო დღიური ნაბიჯები |
---|---|
ოფიციანტი | 22,778 |
მედდა | 16,390 |
საცალო ვაჭრობის თანამშრომელი | 14,660 |
ფერმერი | 14,037 |
დიასახლისი | 13,813 |
მასწავლებელი | 12,564 |
ხელოსანი | 11,585 |
დალაქი | 9,209 |
ოფისის თანამშრომელი | 7,570 |
სატელეფონო ცენტრის თანამშრომელი | 6,618 |
გაითვალისწინეთ, რომ ეს მონაცემები ფორმალური კვლევის ნაწილი არ ყოფილა და თითოეულ პროფესიაში მხოლოდ ერთი ადამიანის მონაცემებს შეიცავს. ასევე არ არის გათვალისწინებული მნიშვნელოვანი ფაქტორები, როგორიცაა სქესი ან ასაკი.
ნაბიჯების რაოდენობა ქვეყნებს შორის განსხვავებულია
ზოგიერთ ქვეყანაში ადამიანები დღეში უფრო მეტ ნაბიჯს დგამენ, ვიდრე სხვაგან. 2017 წლის კვლევამ 717,527 ადამიანის აქტივობა შეისწავლა 111 ქვეყანაში, საშუალოდ 95 დღის განმავლობაში.
კვლევის შედეგები ასეთია:
ქვეყანა | საშუალო დღიური ნაბიჯები |
---|---|
ჰონგ-კონგი | 6,880 |
ჩინეთი | 6,189 |
დიდი ბრიტანეთი | 5,444 |
გერმანია | 5,205 |
საფრანგეთი | 5,141 |
ავსტრალია | 4,491 |
კანადა | 4,819 |
აშშ | 4,774 |
ინდოეთი | 4,297 |
ინდონეზია | 3,513 |
ნაბიჯების რაოდენობის განსხვავება ქვეყნებს შორის ბევრმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა:
- სიმსუქნის დონე
- კლიმატი
- ინფრასტრუქტურა და ფეხით გადაადგილების კომფორტი
- შემოსავალი
დასკვნა
დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციაა, რომ ზრდასრულები, მათ შორის მოხუცები, კვირაში მინიმუმ 150 წუთის აერობულ აქტივობას ასრულებდნენ. ეს დაახლოებით დღეში 2,000 ნაბიჯს ნიშნავს. თუმცა უფრო მეტი სარგებლისთვის, კვირაში 300 წუთი რეკომენდებულია, რაც დღეში დაახლოებით 5,000 ნაბიჯია.
გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენი ნაბიჯი არ იქნება სწრაფი ტემპით. 10,000 ნაბიჯი დღეში კვლავ საუკეთესო მიზანია, რათა დარწმუნდეთ, რომ საკმარისად მოძრაობთ.
თუ გიჭირთ ნაბიჯების დამატება თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, სცადეთ:
- გამოიყენეთ კიბეები ლიფტის ნაცვლად
- მანქანა დააყენეთ ოდნავ მოშორებით
- ისეირნეთ მეგობართან ერთად
- სახლს ხშირად დაასუფთავეთ
- სამსახურში შესვენებაზე გაისეირნეთ
- ცუდ ამინდში სავაჭრო ცენტრში იარეთ