ენერგიის მომატებიდან დაწყებული, ვარჯიშის შედეგების გაუმჯობესებამდე, სპორტისა და ფიტნესის სამყაროში დანატებები არც ისე უცხო ხილია. ბევრი სპორტსმენისთვისა და სპორტული დარბაზის მომხმარებლისთვის კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დანამატია.

მიუხედავად იმისა, რომ კრეატინის გვერდითი ეფექტები შედარებით იშვიათია, ზოგიერთმა ადამიანმა აღნიშნა, რომ კრეატინის გამოყენების დროს თავის ტკივილი შეექმნათ.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ მოქმედებს კრეატინი, რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს მის გამოყენებას და რას ამბობს კვლევა კრეატინისა და თავის ტკივილის კავშირის შესახებ.

იწვევს თუ არა კრეატინი თავის ტკივილს?

კრეატინი ბუნებრივად წარმოქმნილი ნივთიერებაა, რომელიც ამინომჟავებისგან შედგება. ის უჯრედებს ენერგიით ამარაგებს. მისი ძირითადი წყაროებია წითელი ხორცი და ზღვის პროდუქტები, ხოლო ორგანიზმში კრეატინი ღვიძლში, თირკმელებსა და პანკრეასში წარმოიქმნება.

კრეატინის დიდი ნაწილი კუნთებში ინახება, ამიტომ ის პოპულარულია ფიტნესში. თითქმის ყველა დანამატს აქვს გარკვეული გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით დიდი დოზების მიღებისას.

ამ გვერდით მოვლენებს შორის უმეტესად გასტროინტესტინური პრობლემებია, თუმცა ზოგიერთ ადამიანს ასევე აღენიშნა თავის ტკივილი.

საბედნიეროდ, კვლევებით დადგენილია, რომ კრეატინი ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო დანამატია. პრაქტიკულად არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ კრეატინი უშუალოდ იწვევს თავის ტკივილს.

სინამდვილეში, კვლევები უფრო საპირისპირო შედეგებზე მიუთითებს, რასაც მოგვიანებით განვიხილავთ.

თავის ტკივილის შესაძლო მიზეზები, განსაკუთრებით აქტიურ ადამიანებში, შეიძლება იყოს:

გაუწყლოება 

თავის ტკივილის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია გაუწყლოება. ადამიანები, რომლებიც იღებენ კრეატინს, ხშირად სპორტით ან ვარჯიშით არიან დაკავებულნი, რამაც შეიძლება წყლის ნაკლებობა გამოიწვიოს, განსაკუთრებით თუ ვარჯიშის დროს წყალს საკმარისად არ იღებთ.

კუნთების დაძაბულობა 

კუნთების დაძაბულობაც ხშირი მიზეზია. ზოგიერთი ფიზიკური აქტივობა, განსაკუთრებით გამძლეობის ვარჯიშები, ზრდის კუნთების დაძაბულობას. თუ ეს დაძაბულობა კისერში ან მხრებშია, შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. დაძაბულობის თავის ტკივილი.

გადაჭარბებული დატვირთვა 

თუ სპორტით ან ვარჯიშით ზედმეტად დატვირთავთ სხეულს, შეიძლება თავი აგტკივდეთ. ეს ხშირად ხდება გამძლეობის ან ძალისმიერი ვარჯიშების დროს.

გადახურება 

გადახურებამაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, განსაკუთრებით ცხელ ამინდში ვარჯიშის დროს. გადახურების რისკი იზრდება გაუწყლოებასთან და გადაჭარბებულ დატვირთვასთან ერთად.

როგორ ავიცილოთ თავიდან თავის ტკივილი?

საბედნიეროდ, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების თავიდან აცილება შესაძლებელია ცხოვრების წესის გარკვეული ცვლილებებით:

  1. დალიეთ ბევრი წყალი, განსაკუთრებით ვარჯიშამდე და ვარჯიშის დროს.
  2. ვარჯიშამდე და შემდეგ გააკეთეთ გაჭიმვის ვარჯიშები. ეს თავიდან აგაცილებთ კუნთების დაჭიმულობას.
  3. ნუ გადატვირთავთ სხეულს ზედმეტად.
  4. ვარჯიშის დროს შეინარჩუნეთ სიგრილე: დალიეთ გრილი წყალი, გამოიყენეთ გრილი პირსახოცი ან დარჩით ჩრდილში.
  5. ჩაინიშნეთ თავის ტკივილის გამომწვევი შესაძლო ფაქტორები და შეეცადეთ, თავიდან აიცილოთ ისინი.

თუ თავის ტკივილები ხშირად გაწუხებთ და ცხოვრების წესის ცვლილებები არ გეხმარებათ, მიმართეთ ექიმს.

კრეატინის სარგებელი

კრეატინი პოპულარულია მისი მრავალი დადებითი თვისების გამო:

  1. ზრდის ენერგიას კუნთის უჯრედებისთვის
  2. აუმჯობესებს კუნთის ზრდას და რეგენერაციას
  3. აუმჯობესებს ვარჯიშის დროს გამძლეობასა და შედეგებს
  4. აჩქარებს აღდგენას და ამცირებს დაღლილობას

კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ კრეატინს აქვს ნეიროპროტექტორული ეფექტები, რაც სასარგებლოა ისეთი ნევროლოგიური დაავადებების დროს, როგორიცაა:

  1. ტრავმული თავის ტვინის დაზიანება (TBI)
  2. ჰანტინგტონის დაავადება (HD)
  3. პარკინსონის დაავადება (PD)
  4. ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი (ALS)

სინამდვილეში, კრეატინი თავის ტკივილს ამსუბუქებს

ერთი კვლევა, რომელშიც 39 მოზარდი მონაწილეობდა TBI-ით, აჩვენებს, რომ 6-თვიანი კრეატინის მიღების შემდეგ მონაწილეებს გაუუმჯობესდათ თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და დაღლილობა.

ეს კვლევა ეწინააღმდეგება იმ მოსაზრებას, რომ კრეატინი თავის ტკივილს იწვევს.

კრეატინის გვერდითი ეფექტები

კრეატინის შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

  1. შებერილობა
  2. გაუწყლოება
  3. კუნთების კრუნჩხვა
  4. საჭმლის მომნელებელი პრობლემები
  5. წონის მატება

უფრო მაღალი დოზებით მიღებისას ან ჯანმრთელობის პრობლემების არსებობისას, სერიოზული გვერდითი ეფექტები მოიცავს:

  1. ღვიძლის დაზიანებას
  2. თირკმელების დაზიანებას
  3. თირკმლის ქვებს
  4. კუნთების დაზიანებას

როდის უნდა მიმართოთ ექიმს?

ექიმს მიმართეთ, თუ თავის ტკივილი დიდი ხანია გაწუხებთ ან თუ თავის ტკივილს თან ახლავს სხვა მძიმე სიმპტომები, როგორიცაა მაღალი სიცხე, თავბრუსხვევა, მხედველობის გაუარესება და სხვა სერიოზული სიმპტომები.

დასკვნა

კრეატინი უსაფრთხო დანამატია, რომლის მიღების შემდეგაც თავის ტკივილი, სავარაუდოდ, გამოწვეულია სხვა ფაქტორებით, როგორიცაა გაუწყლოება ან გადაჭარბებული დატვირთვა. ხშირი, აუხსნელი თავის ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.