დღეს კლიმატის ცვლილება არა მხოლოდ ეკოსისტემებზე, საზოგადოებებზე და ეკონომიკაზე ახდენს ზეგავლენას, არამედ ადამიანის ფსიქიკაზეც. ბოლო წლებში, მეცნიერები სულ უფრო ხშირად საუბრობენ ისეთ ფენომენებზე, როგორიცაა „ეკო-შფოთვა“, „კლიმატური დისტრესი“ ან „ეკო-გლოვა“ — გრძნობათა კომპლექსი, რომელიც მოიცავს დეპრესიას, შფოთვას და პოსტტრავმულ აშლილობას, რომელიც გამოწვეულია ან ძლიერ კლიმატურ მოვლენებთან შეჯახებით, ან უბრალოდ იმ სამყაროში ცხოვრებით, სადაც კლიმატის კრიზისი ყოველდღიურად მძაფრდება.
კვლევები აჩვენებს, რომ ახალგაზრდები, განსაკუთრებით 25 წლამდე ასაკის ადამიანები, ყველაზე მძიმედ განიცდიან კლიმატური ცვლილებების გავლენას. მაგალითად, 2025 წლის აპრილში ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აშშ-ში გამოკითხული 3,000 ახალგაზრდა შორის 20% შიშობს შვილების ყოლის გამო — მათ არ სურთ ახალ თაობას მემკვიდრეობად გადაეცეს გაუარესებული პლანეტა. იმ ახალგაზრდებში, რომლებმაც პირადად განიცადეს კლიმატური კატასტროფა, ეს მაჩვენებელი 30%-ზე მეტია.
2021 წელს ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებული გლობალური კვლევა კი კიდევ უფრო შემაშფოთებელ შედეგებს გვაწვდის: 10,000 გამოკითხული ახალგაზრდიდან თითქმის 60% უკიდურესად შეშფოთებულია კლიმატური ცვლილებით, ხოლო 45%-ზე მეტი ამბობს, რომ ეს მენტალურად ყოველდღიურ ფუნქციონირებაზეც კი ახდენს ზეგავლენას.

როცა კლიმატური კრიზისი ბავშვობაშივე იწყება
კლიმატური შფოთვის ნიშნები არც მხოლოდ მოზარდებს შორის გვხვდება — ფსიქიატრები ამცნობენ, რომ კლიმატთან დაკავშირებული შიში 3 წლის ბავშვებშიც კი იჩენს თავს. პლასტიური და ადვილად შთაბეჭდილებადი ტვინი ახალგაზრდებს მეტად აქცევს მოწყვლადად მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ. კვლევების თანახმად, ამ ასაკობრივ ჯგუფში (16-25 წელი) ორი მესამედი განიცდის სევდას კლიმატური ცვლილებების გამო, ნახევარზე მეტი თავს უძლურად გრძნობს, ხოლო 67% შიშს განიცდის.
კლიმატური ტრავმის გრძელვადიანი შედეგები
2024 წელს ჟურნალ Preventive Medicine Reports-ში გამოქვეყნებულმა მასშტაბურმა კვლევამ — რომელიც მოიცავდა 39,000 მოსწავლეს აშშ-ის 22 ქალაქიდან — აჩვენა, რომ კლიმატურ კატასტროფებს ხშირად მოჰყვება ხანგრძლივი მენტალური ზიანი: ახალგაზრდებში იმ კატასტროფიდან 2 და 5 წლის შემდეგაც მაღალია დეპრესიის, იმედგაცრუების და უძილობის მაჩვენებელი.
2024 წლის კვლევის ფარგლებში გამოკითხული 16,000 ახალგაზრდიდან 62%-მა თქვა, რომ ცდილობდნენ სხვებთან კლიმატურ შფოთვაზე საუბარს, მაგრამ მათგან 58% იგრძნო იგნორირება ან შეუფასებლობა. ახალგაზრდების უმეტესობა აცხადებს, რომ სურს უფროსმა თაობამ — მათ შორის მშობლები და ბებია-ბაბუები — მეტად გაიგონ მათი შფოთვის მიზეზები. როგორც ფსიქიატრი ელისაბედ ჰაასი აღნიშნავს, ბავშვებისთვის განსაკუთრებით მავნებელია, როდესაც მათ ემოციებს ზრდასრული ადამიანები უგულებელყოფენ ან აბუჩად იგდებენ. კლიმატური შფოთვისადმი მგრძნობიარედ მორგებული ფსიქოთერაპია ჯერ კიდევ განვითარებადია, თუმცა სპეციალისტები ემოციების გამოხატვას, მხარდაჭერასა და იმედის შენარჩუნებას ეფექტურ სტრატეგიებად მიიჩნევენ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს დახმარება განსაკუთრებით ხელმისაწვდომი იყოს ნაკლებად უზრუნველყოფილ საზოგადოებებში, რომლებიც კლიმატური კატასტროფების წინაშე ყველაზე დაუცველები არიან.