ზურგის ტკივილი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც ადამიანები ექიმს მიმართავენ. უმეტესობა ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად განიცდის წელის ტკივილს. მიზეზები მრავალფეროვანია – მწვავე სპორტული ტრავმებიდან დაწყებული, სხვადასხვა დაავადებებით დამთავრებული.

ქვევით მოცემულია 8 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებაში და ზურგის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში:

1. გააძლიერეთ კორსეტის კუნთები

თქვენი წელი იტვირთება მთელი ზედა სხეულის წონით. ზურგის მიმდებარე კუნთები უნდა იყოს გამაგრებული, რათა ხერხემალს დაეხმარონ და შეამცირონ წნევა წელზე. ყოველდღიურ ცხოვრებაში კორსეტის კუნთები იშვიათად იტვირთება, ამიტომ საჭიროა სპეციალური სავარჯიშოებით მათი რეგულარული გამაგრება. დღეში რამდენიმე წუთი დაუთმეთ მარტივი კორსეტის სავარჯიშოების შესრულებას.

2. რეგულარულად გაწელეთ კუნთები

ზურგის პრობლემები ხშირად გამოწვეულია დაჭიმული კუნთებით. დაჭიმული კუნთები დამატებით სტრესს ქმნის ხერხემალზე და სახსრებზე. ყოველდღიური გაწელვები ხელს უწყობს ხერხემლის ჯანმრთელობას.

3. მოერიდეთ არასწორ პოზაში ჯდომას

არასწორ პოზაში ჯდომისას წელის მალები უფრო მეტად იტვირთება, ვიდრე დგომის დროს. თუ დიდხანს გიწევთ ჯდომა, პერიოდულად ადექით და გაიარ-გამოიარეთ.

4. ხშირად ისეირნეთ

სიარული მარტივი და უსაფრთხო აქტივობაა. სწრაფი სიარული, როგორც სამსახურში, ისე გარეთ, დაგეხმარებათ ჯანსაღი წონის შენარჩუნებაში და შეამცირებს ზურგზე ზეწოლას.

5. სიმძიმეები სწორად აწიეთ

როცა მძიმე საგნის აწევა გიწევთ, ადვილია, არასწორად შემოტრიალდეთ და დაზიანდეს კუნთები. სწორად აწევისას გამოიყენეთ ფეხების კუნთები და არა წელის. თუ ნივთი ძალიან მძიმეა, სთხოვეთ ვინმეს დახმარება.

6. შეამცირეთ წნევა წელზე ძილისას

ზურგზე სწორად წოლა უფრო მეტად აწვება ხერხემალს. დაიდეთ ბალიში მუხლების ქვეშ. თუ გვერდზე გძინავთ, დაიდეთ ბალიში მუხლებს შორის, რომ ზურგზე ზეწოლა შემცირდეს.

7. აკონტროლეთ თქვენი წონა

ჭარბი წონა დამატებით სტრესს ქმნის ხერხემალზე. ზედმეტი წონის გამო ხერხემალს შეიძლება არაბუნებრივი ფორმა მიეცეს, რაც დროთა განმავლობაში პრობლემებს იწვევს.

8. შეწყვიტეთ მოწევა

მოწევა აფერხებს სისხლის მიწოდებას მალებს შორის დისკებზე, რაც აჩქარებს მათ დაზიანებას. გარდა ამისა, მოწევა აფერხებს კალციუმის ათვისებასა და ახალი ძვლების ზრდას. შედეგად იზრდება ოსტეოპოროზის (ძვლების სისუსტისა და მტვრევადობის) და მოტეხილობის რისკი.

მიუხედავად ყველა პრევენციული ზომისა, ზურგის ტრავმები მაინც შეიძლება მოხდეს და გაართულოს ყოველდღიური ცხოვრება.